top of page
Search

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონფერენციაში (2025 Ministerial Conference) „ფინანსური მდგრადობის ანგარიშგების რეფორმები: ნავიგაცია მწვანე და ციფრულ დღის წესრიგში“ მიიღეს მონაწილეობა

  • infobartageorgia
  • Mar 24
  • 1 min read


მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის მოწვევით, სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა, 2025 წლის 17-19 მარტს, ვენაში (ავსტრია), გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში (2025 Ministerial Conference) „ფინანსური მდგრადობის ანგარიშგების რეფორმები: ნავიგაცია მწვანე და ციფრულ დღის წესრიგში“, მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას მასპინძლობდა ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო.


პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი სამსახურის (SARAS) უფროსი, დავით მჭედლიძე გახლდათ, მან ისაუბრა საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს BARTA-ს როლზე. მისი შეფასებით კონკურსის არსებობამ დადებითი გავლენა იქონია, როგორც კომპანიების ცნობიერების ამაღლებაზე, ისე ქვეყნის იმიჯზე, ვინაიდან ერთის მხრივ მეტად გამოკვეთა გამჭვირვალობისა და ზოგადად, ანგარიშვალდებულების სარგებელი, ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენა, რომ საქართველო მზად არის თანამედროვე გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს.


გარდა ამისა, SARAS-ის წარმომადგენლებმა დამსწრეებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს გამოცდილებაზე, განიხილეს რეფორმის პრაქტიკული ასპექტები, ახალი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და  გაცვალეს ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტებთან. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაზიარდა საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მოდელები და არსებული გამოწვევები.


აღსანიშნავია, რომ კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ევროკავშირის  პოლიტიკის ფორმირებისა და ტექნოლოგიური გარდაქმნების აქტიურად მიმდინარეობის პარალელურად, ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო SARAS-ის წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისთვის.


 
 
bottom of page