საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო, BARTA 2025-ს ღონისძიება 28 თებერვალს ჩატარდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
კონკურსის მიზანია, ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.
გორდელაძის თქმით, კონკურსი განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და ჩვეულ დროს, დეკემბერში ვერ გაიმართა. თუმცა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება მაინც ჩაეტარებინა და კომპანიების მონდომება დაეფასებინა.
“BARTA 2024 გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება მაინც ჩაგვეტარებინა და დაგვეფასებინა კომპანიები, რომლებმაც მოინდომეს, რომ ანგარიშგებები გაეუმჯობესებინათ. წელს, შეინიშნება დადებითი დინამიკა. ანუ, უფრო მეტი კომპანია იყო, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიება 28 თებერვალს ჩატარდება. წელს 10 ჯილდო გვექნება, ტრადიციულ ჯილდოებთან ერთად. რაც შეეხება 2025 წლის წლევანდელ BARTA-ს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. 2024 წლის სიახლე იყო დებიუტანტი და წელს შეიძლება გავიმეოროთ იგივე, ან ჩავანაცვლოთ. თუმცა, წინსწრებით ამაზე საუბარი რთულია”, - ამბობს ირინა გორდელაძე.
მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში ეთერში აცხადებს, რომ კონკურსი BARTA ექსპორტზე გადის. მისი თქმით, ამ კონკურსით რამდენიმე ქვეყანა არის დაინტერესებული, მათ შორის მოლდოვა, რომელთანაც ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდება ამ კონკურსის ორგანიზება.